რეგიონებში მცხოვრებ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალებს სახელმწიფო დაფინანსების კუთხით პრობლემები ექმნებათ.
შვეიცარიაში წარმოებული პრეპარატი ჰერცეპტინი, რომელსაც მკერდის სიმსივნისგან სრულად განკურნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, პაციენტთა ნაწილისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ძვირადღირებული წამლის უფასო პროგრამა მესამე და მეოთხე სტადიის სიმსივნის მქონე ქალებისთვის მხოლოდ თბილისსა და ბათუმში მოქმედებს.
რეგიონებში მცხოვრებთათვის შეზღუდვებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის დროსაც, რადგან ბოლო სტადიების მკურნალობის კურსისთვის საჭირო პრეპარატები ლიმიტირებული რაოდენობით გაიცემა. და ეს იმ ფონზე, როცა, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მკერდის სიმსივნე ონკოლოგიური დაავადებების ხუთეულშია.
არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.