ონკოლოგიური მედიკამენტების გაცემის ახალი წესი

12:25, 16.07.2024

ონკოლოგიური პაციენტები მედიკამენტებს უშუალოდ კლინიკაში მიიღებენ და მათ ასაღებად აფთიაქში მისვლა აღარ დასჭირდებათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკითხი, რომელიც პაციენტებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, უახლოეს პერიოდში მოგვარდება. სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს, მხარი ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ დაუჭირა. შედეგად, პრეპარატების მიღების გზა გამარტივდება – პაციენტებს აღარ დასჭირდებათ რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ პრეპარატის აფთიაქში შეძენა და ისევ სამედიცინო დაწესებულებაში დაბრუნება თერაპიული კურსის ჩატარებისთვის. მათ საჭირო მედიკამენტი პროცედურაზე მისვლისას, კლინიკაშივე დახვდებათ. ონკოლოგიის ეროვნული საბჭო, რომელზეც ამ საკითხზე იმსჯელეს, ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

მსგავსი