განადგურებული აეროპორტი, დაღუპული ბავშვები და დაბომბილი ქალაქები – ასეთია ვითარება უკრაინაში ომის დაწყებიდან მეთერთმეტე დღეს. რუსეთის შეიარაღებული ძალები ისევ განაგრძობენ იერიშებს ქალაქების დასაკავებლად, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ხარკოვია. ბოლო ინფორმაციით, უკრაინაში ომს 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. იზრდება რუსული მხარის დანაკარგებიც. ომის დაწყებიდან დღემდე, 11 ათასი რუსი სამხედროა მოკლული. ამ დროისათვის უკრაინიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან რუსულმა მხარემ მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა და ეს საფრთხე მუდმივად არსებობს. ინტენსიური სროლების გამო, ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა და მოქალაქეების უვნებლად გამოყვანა ვერ ხერხდება.