უკრაინაში ომის დასასრულებლად საერთაშორისო ძალისხმევა კიდევ უფრო აქტიურდება. ამჯერად ახალი ინიციატივით გერმანიის კანცლერი გამოდის, რომელიც წინა კვირას ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს პირადად შეხვდა. შოლცი რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტის გამართვის აუცილებლობაზე მიუთითებს და ამ იდეას ზელენსკისთან შეთანხმებულად აცხადებს. მედიის ინფორმაციით, კანცლერის სამშვიდობო გეგმა უკრაინის ცალკეული ტერიტორიების დათმობას გულისხმობს. ჯერ უცნობია, როდის და სად გაიმართება სამშვიდობო სამიტი და ექნება თუ არა მას კონკრეტული შედეგი, განსხვავებით შვეიცარიაში გამართული პირველი სამიტისგან, სადაც რუსეთი მიწვეული არ იყო. სამშვიდობო ძალისხმევის პარალელურად, საომარი მოქმედებები არ წყდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებენ, უკრაინაში კი ფრონტის ხაზი ქალაქი პოკროვსკია.