ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტმა და თბილისში დატოვებულმა გზავნილებმა პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია.
ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები გუშინდელი განცხადებების გამო ევროკომისიის მაღალჩინოსნის მიმართ კრიტიკასაც არ ერიდებიან. მათ შორისაა „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილიც, რომელმაც ვარჰეის პოზიცია ევროკავშირის პოზიციისგან აცდენილად გამოაცხადა, თავად ევროკომისარს კი ევროპის მიერ გარიყული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი უწოდა. მსგავსი რიტორიკა კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციის ნაწილისთვის. მმართველი გუნდისთვის კი ცალკეული ოპონენტების მხრიდან ვარჰეის კრიტიკა იმ ფაქტის აღიარებაა, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას ხელოვნურად ბლოკავს. დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სფერო, ანტიკორუფციული რეფორმა – ამ თემებზე ვარჰეის მიერ გაკეთებულ შეფასებებს პოლიტიკოსების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. რეზონანსული აღმოჩნდა ევროკომისრის ის განცხადებაც, რომელიც ეკონომიკურ წინსვლას ეხებოდა.