ოლივერ ვარჰეის გზავნილები - ევროკომისარი პარლამენტში

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ოლივერ ვარჰეი პარლამენტში წავიდა.

ევროკომისარმა დღეს რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების პროცესში მთავარი სამუშაო სწორედ საკანონმდებლო ორგანოს აქვს გასაწევი. პარლამენტის თავმჯდომარეს და ოპოზიციის ლიდერებს ვარჰეი დღეს არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად შეხვდა და ინკლუზიური პროცესის წარმართვა პირადად ურჩია. თავის მხრივ ევროკომისარს საკუთარი პრეტენზიები და არგუმენტები გააცნეს იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებს პირველივე დღიდან გაემიჯნენ, პარალელური პროცესი წარმართეს და ალტერნატიული ინიციატივები მოამზადეს. საინტერესოა, გაითვალისწინებს თუ არა პოლიტიკური სპექტრი ვარჰეის მოწოდებას. ერთობლივ შეხვედრაზე მიღებულ გზავნილებს ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთისგან განსხვავებულად აღწერენ.