ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ გამოეხმაურა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია: „შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, პირადად პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის უკიდურესად დესტრუქციული ქმედებების გამო, რომლებიც პროვოკაციული ხასიათისაა და შეუძლიათ, მთლიანად გაანადგურონ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების დარეგულირებისკენ მიმართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მუშაობა. ფაქტობრივად, ქართულმა მხარემ, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს დაუსწრებლად წაუყენა ბრალდებები ადამიანის უფლებების დარღვევებში და ისინი „შავ სიაში“ შეიყვანა, რომელიც საერთაშორისო დონეზე პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია სეპარატისტული რეჟიმის განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების ერთადერთი საერთაშორისო ფორმატის შესაძლო განადგურებაზე მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს აკისრებს.