სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის პანაშვიდი გაიმართა. მათგან შვიდი სამხედრო მოსამსახურე, ცხრა კი მშვიდობიანი მოქალაქეა. სასულიერო პირებმა გარდაცვლილებს პარაკლისი გადაუხადეს და მათ ოჯახებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი წაუკითხეს.
სამოქალაქო პანაშვიდს დაღუპულთა ოჯახის წევრები, მათი ახლობლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოთხი სამხედრო დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 16 პირის ნეშტის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 621 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 316. 2 000-მდე ადამიანი კი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.