რეგიონული მშვიდობის ხელშეწყობა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება – ამ გზავნილებით ესტუმრა თბილისს სომხეთის პრემიერი.
ბოლო რვა თვეში ეს ნიკოლ ფაშინიანის უკვე მეორე ვიზიტია. დღის წესრიგის მთავარი თემა ყველა მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების პროცესი იყო. ორი ქვეყნის ლიდერებმა ამჯერად ერთმანეთის პირისპირ განიხილეს ის სამშვიდობო როლი, რომლის შესრულება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით არაერთხელ აქვს გაცხადებული. ამ საკითხის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება იმ ფონზე, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი პრაქტიკულად დასასრულს უახლოვდება. განსაკუთრებული აქცენტი საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ მიღწეულ შედეგებზე გაკეთდა. მხარეები თანხმდებიან, რომ იანვარში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ორ მეზობელს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანა.
რა განცხადებებით დასრულდა პრემიერების შეხვედრა, – ანა ბროლაძე აშუქებდა ფაშინიანის ვიზიტს.