ნიდერლანდები დიდი ბრიტანეთიდან სამგზავრო ფრენებს აჩერებს, ამის მიზეზი გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი გახდა.
როგორც ნიდერლანდების მთავრობის განცხადებაში წერია, ფრენები პირველ იანვრამდე შეჩერდება. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მოვლენების განვითარებას აკვირდებიან და არ გამორიცხავენ ზომების ამოქმედებას, დიდი ბრიტანეთიდან სხვა ტიპის ტრანსპორტით მგზავრების მიღებასთან დაკავშირებითაც.
ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, დეკემბრის დასაწყისში ქვეყანაში ვირუსის იმავე შტამის შემთხვევა გამოვლინდა, რაც დიდ ბრიტანეთშია აღმოჩენილი.
ნიდერლანდებმა ბრიტანეთიდან ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც წინა დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში იდენტიფიცირებული კორონავირუსის ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია.