ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომზადდა
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დამატებით კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომზადდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივით, ცვლილებები – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფო ქაცარავა არიან.
ცვლილებების გათვალისწინებით, მოსამართლეს თავად ენიჭება უფლებამოსილება, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, პირს დამატებით გარკვეული უფლებები იმ ვადით ჩამოართვას, როგორც თავად მიიჩნევს სამართლიანად და თანაზომიერად, მსჯავრდებულის და მის მიერ ჩადენილი ქმედების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.
კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს უფლება ექნება, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლამდე ვადით შემდეგი უფლებამოსილებიდან ჩამოართვას ერთ-ერთი ან რამდენიმე – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.