აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია. დღეის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 36 893 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, გადამუშავდა 11 288 ტონა ციტრუსი. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერებმა სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი მიიღეს. 2023-2024 წლის ციტრუსის აქტიურ სეზონზე მუშაობდა 20-მდე საწარმო, ხოლო დღეის მდგომარეობით, საექსპორტო მანდარინს 6 ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო ღებულობს. ასევე, რეგიონს გარეთ კიდევ რამდენიმე დამხარისხებელი პუნქტი ფუნქციონირებს.
ნარინჯისფერი რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე აგრძელებს.