კამათის ფონზე ჩაიარა სადავო ჰესის საკითხის განხილვამ პარლამენტში.
„ნამახვანჰესის“ უსაფრთხოებაში პროექტის მოწინააღმდეგეების და სკეპტიკოსების დარწმუნებას ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრები ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან ცდილობდნენ. განხილვას რიონის ხეობის მცველები და გარემოს დამცველებიც ესწრებოდნენ, დაისვა არაერთი მწვავე შეკითხვა. მთავრობის წევრებმა ჰესის ადგილზე დამატებითი კვლევების ჩატარება დააანონსეს და მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში ჩართვა ადგილობრივებსაც შესთავაზეს. მასშტაბური პროექტის მოწინააღმდეგეები დღევანდელი შეხვედრით უკმაყოფილოები დარჩნენ. პარასკევს კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება, რის შემდეგაც გაირკვევა, დარჩება თუ არა კვირას დაგეგმილი აქცია ძალაში.