საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101 და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წელს ზეიმობს. სადღესასწაულო, მრავალფეროვანი ღონისძიებები ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. თბილისში მოვლენების მთავარი ეპიცენტრი რუსთაველის გამზირი იქნება, სადაც ახალწვეულები ფიცს დადებენ.
დედაქალაქის გარდა, ფიცის დადების ცერემონია გაიმართება ხუთ რეგიონში. ზუსტად 17:10 საათზე კი ქვეყნის ყველა ქალაქში ერთდროულად აჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი, დრო სიმბოლურია, სწორედ ამ დროს მოაწერა ხელი დამოუკიდებლობის აქტს ნოე ჟორდანიამ.
ისტორიული თარიღის აღნიშვნას წელსაც უერთდება საქართველოს პირველი არხი. 10:00 საათიდან ჩვენი უწყვეტი ეთერი სწორედ 26 მაისის აღნიშვნას დაეთმობა. 20:00 საათზე კი საქართველოს პირველი არხი პირველი რესპუბლიკის მოედანზე ორნაწილიან საკონცერტო პროგრამას – „რანინას“ ფინალსა და „აკუსტიკის“ კონცერტს წარმოადგენს. 26 მაისის სამზადისის შესახებ დეტალები მარიამ მენაბდის სიუჟეტში.