მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამს აღნიშნავს

ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ, დღეს მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამს აღნიშნავს.

ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართველმა მუსლიმებმა სადღესასწაულო ლოცვა აღავლინეს. ხალხმრავლობის გამო მორწმუნეთა ნაწილმა ლოცვის რიტუალი ქუჩაში შეასრულა, დიდი ნაწილი კი ბათუმში იმ ტერიტორიაზე შეიკრიბა, სადაც მუსლიმი მრევლი ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს. რამაზანის მარხვის პერიოდში ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღება, ბაირამის დღეს კი ისინი ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, უხვად გასცემენ მოწყალებას და წინაპართა საფლავებზე გადიან.

ქართველ მუსლიმებს დღესასწაული ბათუმის მეჩეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.