არჩევნების მოახლოებასთან ერთად უცხოელი პოლიტიკოსების რიტორიკა ყველდღიურად მწვავდება.
ისმის პირდაპირი მოწოდებები და მუქარის შემცველი განცხადებები. ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ პუბლიკაციაში, რომელიც ამჯერად ამერიკულ გამოცემა „ზი ჰილში“ გამოქვეყნდა. ავტორები ამერიკის ყოფილი ელჩი და ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მიმართ მძიმე განცხადებებით ცნობილი იან კელი და ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი არიან. ამჯერად მათი მთავარი გზავნილია, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა ოფიციალური თბილისის მისამართით უფრო მკაფიო პოზიცია დაიკავოს და ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს. მათთვის ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სავიზო და საფინანსო შეზღუდვები არასაკმარისია. ავტორიტარული, პრორუსული, ჩრდილოვანი მმართველი, ანტიდემოკრატიული – ასეთი ეპითეტებია გამოყენებული სტატიაში საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრის დროს. გაკრიტიკებულია ბოლო თვეებში მიღებული რეზონანსული კანონები, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლების გეგმა და მმართველი გუნდის წინასაარჩევნო რიტორიკა, რომელშიც კელი და კრამერი არჩევნების შედეგების შეცვლის მუქარას ხედავენ. გაკეთებულია წინასწარი პროგნოზი მმართველი პარტიის მარცხზე და არჩევნების გაყალბებაზე. ვაშინგტონიდან გამკაცრებული ტონი დროში ემთხვევა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის პროცესს.