„არეულობის პროვოკატორები უნდა დაისაჯონ“ – ეს მოთხოვნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში, 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვისას განაცხადა. ფაშინიანის თქმით, კანონიერება და კანონის უზენაესობა ვერ აშენდება სიბრალულზე. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, სასულიერო-ფეოდალური ელიტა სომხეთში მთავრობის შეცვლას ვერ შეძლებს. ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე 98 ადამიანი დააკავეს. აქციაზე სულ 101 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან პოლიციელები. შეგახსენებთ, რომ გუშინ აქცია გაიმართა სომხეთის პარლამენტის შენობასთან, რა დროსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. სამართალდამცველებმა სცადეს დემონსტრანტები პარლამენტის ღობიდან მოეშორებინათ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა იყო. ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგი არიან.