მსახურება მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

უჩვეულო სიჩუმით შეხვდნენ მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მსახურებას. საუკუნეების მანძილზე, პირველად, მრევლისთვის ეკლესიის კარი დაკეტილი იყო. ცარიელ ტაძარში მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირი იმყოფებოდა. იერუსალიმის პატრიარქმა, ცეცხლი ზუსტად 14 საათსა და 50 წუთზე გამოაბრძანა. მსოფლიო პანდემიის ფონზე, იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს. წმინდა ცეცხლი ძველი ქალაქის კარიბჭესთან, საპატრიარქოს წევრმა, რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს გადასცა. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც ცეცხლს სპეციალური რეისით ჩამოიტანენ და გაავრცელებენ. საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ცეცხლს ჩაიტანენ, თუმცა მრევლში არ გავრცელდება. ბულგარეთმა ამ რიტუალზე დასასწრებად გამოყოფილი თანხა კორონავირუსთან საბრძოლველად მიმართა.