71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი.
აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“), „მოხუცი ჯამბაზები“.
ნათამაშები აქვს რამდენიმე ფილმში: „კუკარაჩა“ (ანიკო), „მარადისობის კანონი“ (მარიამი), „სიბრძნე სიცრუისა“ (მელა), „გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი).
საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მსახიობის ოჯახს. მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და სამძიმრის წერილები გაავრცელეს საქართველოს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა.
მოამბე