სენაკის სამხედრო ბაზაზე მრავალეროვნული სწავლება იწყება. საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო წვრთნების გახსნის საზეიმო ცერემონია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც წუთიერი დუმილით პატივი საბრძოლო მოქმედებებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიაგეს.
წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მონაწილეობს, სულ 237 სამხედრო მოსამსახურე. წვრთნების მიზანია, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში, ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნის მიზნით, სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვა და ჩატარება. სწავლება 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართება. წვრთნები საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ლიდერობით განხორციელდება.