მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დანიაში უილიამ შექსპირის „ოტელო“ წარმოადგინა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩვენება ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი უილიამ შექსპირის ცნობილი ტრაგედიის უჩვეულო ვერსიაა – თოჯინური სპექტაკლისა და ცოცხალი შესრულების სინთეზი. „ოტელოს“ თბილისური პრემიერა 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა. სპექტაკლი მიეძღვნა კოტე მარჯანიშვილის დაბადების 150 და პეტრე ოცხელის დაბადების 115 წლის იუბილეებს. დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული კულტურის დღეები იმართება. პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური, თეატრალური და კინოხელოვნების წარმოჩენას. მომდევნო სამი დღის განმავლობაში პროგრამით გათვალისწინებულია ქართული კინოს რეტროსპექტივა.