კანდიდატის სტატუსია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნიკა მელია საპარლამენტო ოპოზიციას მწვავედ აკრიტიკებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს უმოქმედობაში ადანაშაულებს. ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება ყოფილი დეპუტატისთვის, რომელმაც საპარლამენტო მანდატი საკუთარი ნებით დათმო. მიმართვის ადრესატები კრიტიკას არ იღებენ. მითუმეტეს, იმ ოპოზიციონერი ლიდერისგან, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის ბოიკოტის მომხრე იყო, თუმცა მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოში მცირე ხნით მაინც შევიდა. საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის დატოვების იდეას არ ეთანხმება და მელიას სთხოვს, კრიტიკის ნაცვლად პარლამენტში მყოფ თანაპარტიელებს გააქტიურებისკენ მოუწოდოს.