საქართველოსთან დაკავშირებით კონგრესში გამართული მოსმენა ისევ შეფასებების თემაა თბილისში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონგრესში გაჟღერებულ გზავნილებს, ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე: „ახლა საქართველო კიდევ ერთ გზაჯვარედინზეა, როგორც უკრაინა იყო 2014 წელს, ეს არის ოქტომბრის არჩევნები, რომელიც თუ გაყალბდება, მაშინ შეიძლება მოხდეს კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია“- განაცხადა კორტნიმ. მმართველი გუნდის შეფასებით, ქართველმა ხალხმა ღია განცხადებები მოისმინა კონგრესიდან, რომ თუ საქართველო არ წავა უკრაინიზაცის გზაზე, მოსალოდნელია რევოლუცია. მათივე შეფასებით, ქართველ ხალხს ასეთი დემოკრატია არ სურს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი მოსაზრებით, რევოლუციური სცენარები შეთქმულების თეორიაა და მსგავსი მოსაზრების გასამყარებლად, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.