მწვავე გზავნილები და პირდაპირი მოწოდებები ამერიკის კონგრესიდან.
საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენის დროს ამერიკელი კანონმდებლების ნაწილის ტონი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით საკმაოდ მკაცრი იყო. კრიტიკის მთავარ საგნად მაისში დამტკიცებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი რჩება. კონგრესმენები სამოქალაქო საზოგადოების უფლებრივ შეზღუდვაზე მიუთითებენ და პროტესტის ფონზე მიღებულ რეგულაციებს დემოკრატიის და ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევად აცხადებენ. იყო მუქარის შემცველი გზავნილებიც.
„ქართული ოცნების“ ცალკეული მაღალჩინოსნების მიმართ დაწესებული სავიზო შეზღუდვების შემდეგ დაანონსდა შესაძლო ფინანსური სანქციებიც. ცოტა ხნის წინ მიღებული კანონის გაუქმება და საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება მთავარი მოთხოვნებია. მოსმენას „რესპუბლიკელი“ და „დემოკრატი“ კანონმდებლების გარდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.