სანქციები პროტესტის პასუხად – რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსება შეაჩერა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი დე-ფაქტო ლიდერით და მისი ე.წ. პრეზიდენტობის პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებების გამოა უკმაყოფილო. საუბარია ე.წ. პარლამენტში სხვადასხვა კანონპროექტის ჩაგდებაზე და იმ შეთანხმების შეფერხებაზე, რომელიც რუსული იურიდიული პირების მიერ ოკუპირებულ რეგიონში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. რუსეთის უკმაყოფილების მიზეზია ის მასშტაბური საპროტესტო ტალღაც, რაც თვეების წინ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის ინიციატივას აფხაზეთში მოჰყვა. კრემლის გეგმების შეფერხების გამო დაფინანსების შეჩერების გარდა დაანონსებულია სხვა სანქციებიც. არაღიარებული რეჟიმის წარმომადგენლები ვითარების გამოსწორებას ცდილობენ. სწორედ დე-ფაქტო რეჟიმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გამწვავებით ხსნიან ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის მთავრობათა შორის კომისიის სხდომის გაუქმებასაც.