ოთხი მოსამართლის მიერ ამერიკაში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე უარი არის კიდევ ერთი თემა, რომლებზეც პოლიტიკური შეფასებები კეთდება. „გირჩში“ მიაჩნიათ, რომ ასეთ გადაწყვეტილებები სისტემაში არსებული ე.წ. გავლენიანი ჯგუფის მიმართ ლოიალურობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. „სტრატეგია აღმაშენებელში“ კი ამ ნაბიჯს ე.წ. კლანის სოლიდარობას უწოდებენ. უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ მოსამართლეთა სოლიდარობა არ არის გასაკვირი, რადგან სასამართლო სისტემაში ბევრი გადაწყვეტილება, სწორედ კოლექტიურად მიიღება, რის გამოც, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური ნაბიჯია. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სამმა მოსამართლემ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, გადაწყვეტილება მიიღო კიდევ ერთმა მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმაც და საკუთარ განცხადებაში განმარტა მიზეზები.