ათასობით დაღუპული, დაშავებული და 10 პროვინცია, რომელიც თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში კატასტროფის ზონად გამოცხადდა. ასეთია დამანგრეველი მიწისძვრის მეორე დღე საქართველოს მეგობარ ქვეყანაში. ნანგრევებში გარდაცვლილ და დაშავებულ ადამიანებს სამაშველო ბრიგადები და მოხალისეები ამ დრომდე ეძებენ. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში. მაშველებმა ათობით ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. უდიდესი კატასტროფა ქვეყნის ისტორიაში, – ასე შეაფასა 6 თებერვლის დილით მომხდარი მიწისძვრა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.
მომხდარი სტიქია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. კატასტროფის ზონაში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც: ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა, ოპერატორი გიორგი კიკვაძე, ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მძღოლი პაატა გოცაძე.