მკვლელობა კიკეთში. ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 პირი დაჭრა, მათგან ერთი 1971 წელს დაბადებული პირი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაულის შემდეგ, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები კიკეთში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულის იარაღი – ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.