პაატა ბურჭულაძის შვილები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებენ, რომ პირველად კიბერშეტევა ხუთი თვის წინ, ალექსანდრე ბურჭულაძის ტელეფონსა და მისი კომპანიის კომპიუტერებზე განხორციელდა. რის შემდეგაც მათ პროკურატურას მიმართეს და ფაქტებიც წარუდგინეს, თუმცა მათი თქმით, პროკურატურის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოყოლია.
რამდენიმე კვირის წინ მსგავსი ფაქტები ბურჭულაძის მეორე შვილის, შუქრი ბურჭულაძის ტელეფონზე და მისი კუთვნილი სამშენებლო კომპანიის კომპიუტერებშიც დაფიქსირდა.
ბურჭულაძეების განცხადებით, სხვადასხვა ძალების მხრიდან, მათი ტელეფონები სავარაუდოდ, იმართება, ავტომატურ რეჟიმში გაურკვეველ ნომრებზე რეკავს, ტელეფონებში კი უცხო ხმები ესმით.
ძმები ამბობენ, რომ ეს ფაქტები პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას უკავშირდება და პროკურატურას დანაშაულის გამოძიებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფაქტების გასაჯაროებით იმუქრებიან.