საქართველოს ისტორიული თარიღის აღნიშვნას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უერთდება.
დილიდან ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერები, პირველი დიპლომატები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოები. გზავნილები იდენტურია – მისალოც წერილებში და ფრაზებში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და დაგმობილია რუსეთის ოკუპაცია. მილოცვებში საინტერესო აქცენტები იკითხება ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებითაც, მითუმეტეს უკრაინის ომის და გაუარესებული რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. ტრადიცია არც წელს დაირღვა – 26 მაისის აღსანიშნავად არაერთი ქვეყნის ისტორიული შენობა თუ ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ისტორიულ თარიღს რამდენიმე ქვეყანამ გამოფენები და შემეცნებითი ღონისძიებებიც მიუძღვნა.