უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს დაკითხვაზე იბარებს. ექს-პრეზიდენტს ეჭვმიტანილის სტატუსით უწყებაში 18 დეკემბერს ელოდებიან. სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას კი უკრაინის გენერალური პროკურატურა აპელაციაში გაასაჩივრებს. ქვეყნის მთავარი მბრალდებელი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ზემდგომ ინსტანციაში საკმარის მტკიცებულებებს წარადგენს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს შინაპატიმრობა შეეფარდება. იური ლუცენკო არ ეთანხმება მოსამართლის გუშინდელ გადაწყვეტილებას. მისთვის გაუგებარია რატომ გათავისუფლდა მიხეილ სააკაშვილი მაშინ, როდესაც როგორც ის ამბობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი მისი მარჯვენა ხელი სევერიონ დანგაძე პატიმრობაშია.