საპატრიარქოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ოკუპირებულ ცხინვალში რუსული ეკლესიის მღვდელმსახურების მიერ წირვის ჩატარებას ეხმაურება და ამას კანონიკური სამართლის დარღვევად აფასებს. საუბარია 7 და 19 იანვარს ჩატარებულ მღვდელმსახურებაზე. როგორც მეუფე გერასიმე ამბობს, საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში იმსჯელებენ, თუ რა მექანიზმით შეიძლება ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მსგავსი ფაქტების აღკვეთა. მისივე თქმით, საპატრიარქოდან რუსეთში გაგზავნილ საპროტესტო წერილზე პასუხი არ მიუღიათ. ამასთან, მეუფე ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ტაძრების მდგომარეობასა და იქ არსებულ ვითარებაზეც საუბრობს. მისი თქმით, საპატრიარქო აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით მუშაობას და რუსეთის საპატრიარქოსთან კომუნიკაციას გეგმავს.