მეთიუ მილერის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

კიდევ ერთი გამაფრთხილებელი გზავნილი ვაშინგტონიდან.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გარშემო მწვავე საერთაშორისო გამოხმაურება არ წყდება. სახელმწიფო დეპარტამენტის მკვეთრად ნეგატიურ პოზიციას ამჯერადაც პრეს-სპიკერი აფიქსირებს იმ კითხვაზე პასუხად, რომელსაც ინიციატივის ხელახლა წარდგენისთანავე სახელმწფო დეპარტამენტში ერთი და იგივე ჟურნალისტი პერმანენტულად სვამს. სახიფათო გზაზე მინიშნების გარდა პირდაპირი ხაზგასმაა, რომ პროექტის კანონად ქცევა საქართველოს და ამერიკის ურთიერთობას დააზიანებს. მეთიუ მილერი ამერიკაში მოქმედ „ფარას“ კანონთან შედარებასაც არასწორად მიიჩნევს და „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ პროექტსა და აშშ-ში მოქმედი „უცხოელი აგენტების აქტს“ შორის არსებულ განსხვავებებზე მიუთითებს.

ვისზე ვრცელდება აშშ-ში მოქმედი ფარას კანონი – საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მილერის მიერ მოყვანილი არგუმენტი სიმართლეს აცდენილია მმართველი გუნდისთვის. იგულისხმება „ფარას“ დოკუმენტებში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გარემოცვის მოხვედრა. დღეს თბილისიდან ვაშინგტონს შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი საქართველოს მთავრობას აღარ წარმოადგენენ.