მესამე სექტორი ხელისუფლებას ახალ საკანონმდებლო წინადადებებს სთავაზობს

სასამართლო სისტემის რეფორმირება – კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ხელისუფლებას ახალ საკანონმდებლო წინადადებებს სთავაზობს. არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ მორიგი საკანონმდებლო წინადადებები ორი მიმართულებით წარადგინეს. ეს ეხება იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებას და სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევას.

მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები უნდა აირჩიონ იმავე სასამართლოს მოსამართლეებმა.

სასამართლოების თავმჯდომარეების კვოტა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გაუქმდეს და მათ გარკვეული უფლებამოსილებები შეეზღუდოთ.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს სკოლას, ინიციატივის ამ ნაწილში, სკოლაში მსმენელების მიღების პროცესი საბჭოსგან დამოუკიდებლად უნდა მოხდეს და სკოლის საბჭოს წევრთა დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს.