ნიკა მელია არჩევნებში ნიკა მაჭუტაძის პარტიის ნომრით იბრძოლებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის პარტიის შემადგენლობის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში იგეგმება. არჩევანი ნომერ ოთხზე და ნარინჯისფერზე გაკეთდა. როგორც ჩანს, მელიას საარჩევნო სტრატეგია მომავალი პოლიტიკური გაერთიანების ეტაპობრივად გაცნობას გულისხმობს. თუმცა უკვე გაკეთებული განცხადებებით მისი სავარაუდო რამდენიმე პოლიტიკური პარტნიორი გამოკვეთილია. მათ შორისაა ნიკა გვარამია, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს სწორედ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებიდან პროტესტით წამოსულ ექს-თავმჯდომარეს უკავშირებს. პარტნიორებს შორის შესაძლოა ვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული სხვა სახეებიც. არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ – ასეთია მელიას გზავნილი, რომელსაც მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის ამბიცია აქვს. ეს ამბიცია მხოლოდ საარჩევნო ბარიერის გადალახვის და „ნაციონალური მოძრაობისგან“ იმიტირებული დისტანცირების მცდელობად ითარგმნება მმართველი გუნდისთვის. ნიკა მელიას და მისი სავარაუდო მოკავშირეების გეგმას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის ნაწილიც.