სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული გოჩა ფიდიურის ოჯახი დახმარებას ითხოვს. 50 წლამდე მამაკაცის ახლობლები აცხადებენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. რუსმა სამხედროებმა გოჩა ფიდიური მაშინ აიყვანეს, როდესაც თანასოფლელთან ერთად, საქონელს მწყემსავდა. იქვე იმყოფებოდა მისი ძმაც, თუმცა, როგორ მოხდა გატაცება, არც ერთ მათგანს არ დაუნახავს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარის ადგილას მავთულხლართები გავლებული არ არის და იქ მხოლოდ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერია. დაკავების შესახებ, ფიდიურების ოჯახს ინფორმაცია ქართველმა სამართალდამცველებმა მიაწოდეს. ოკუპირებული ცხინვალიდან მათ არავინ დაკავშირებია, მათ შორის არც ჯარიმის მოთხოვნით.
მეჯვრისხევის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ უქმე დღეების გამო, ე.წ. სასამართლო სხდომა ორშაბათამდე ვერ გაიმართება. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.