რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – რუსი სამხედროები ბახმუტის მახლობლად, სოფელ ხრომოვოესკენ მიიწევენ წინ. უკრაინელმა ძალებმა, გენშტაბის ცნობით, იერიში მიიტანეს ორ საარტილერიო ნაწილზე, საბრძოლო მასალის საცავსა და მოწინააღმდეგეთა სამ სამეთაურო პუნქტზე. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინელებმა „შაჰედის“ ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

რუსული მხარე აგრძელებს მობილიზებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით. ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზზე 16 შეტაკება მოხდა. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ რჩება ბახმუტი და მარინკა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი დონეცკის ოლქში ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა, სადაც საზღვაო ქვეითთა ახალი კორპუსის შექმნის შესახებ განაცხადა.

ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოკავშირეებთან დიალოგი ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.