სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ დაიწყო. მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული სიტუაციების დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლების სცენარია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავება და კრიზისულ თუ კონფლიქტურ სიტუაციებში უსაფრთხოების უნარ-ჩვევების განვითარება.
სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა უკვე მეშვიდედ მასპინძლობს. სწავლების საწყის ეტაპზე მედიის წარმომადგენლებს სალექციო კურსი და პრაქტიკული მეცადინეობები საინჟინრო მომზადებაში, პირველად სამედიცინო დახმარებაში, კიბერუსაფრთხოებასა და თვითგადარჩენის მიმართულებით უტარდებათ.