ეპიდემიოლოგების პროგნოზით, კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ახალი შტამი საქართველომდე ერთი თვის ვადაში მოაღწევს.
მეცნიერებს კი ორ კვირაში ეცოდინებათ, რა ქცევები ახასიათებს რამდენიმე მუტაციის მქონე შტამს ადამიანის ორგანიზმში, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და არის თუ არა ვაქცინები მის წინააღმდეგ ეფექტური. კვლევების დასრულებამდე საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელებისგან თავის დაცვას სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებით ცდილობს.
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში კვლავ მძიმეა. დაფიქსირდა კიდევ ერთი ნახტომისებური მატება – ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 5 000-ს ასცდა, რამდენიმედღიანი შედარებითი კლების შემდეგ ისევ მკვეთრად მოიმატა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა. მარტო ნოემბერში ქვეყანაში კორონავირუსით 2 000-მდე ადამიანი დაიღუპა.