საქართველოში ეპიდ-ვითარება ისევ რთულია.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს კიდევ 77 პაციენტი ემსხვერპლა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 11 289-ს მიაღწია. მძიმე ვითარებაა კლინიკებშიც, სადაც მოთავსებული პაციენტების უმეტესობას ვირუსის „დელტა შტამის“ რთული მიმდინარეობის გამო ჟანგბადის გაორმაგებული დოზა ესაჭიროება. ინტენსიურ და რეანიმაციულ განყოფილებებში კორონავირუსს ამ წუთებში ორი ათასზე მეტი ადამიანი ებრძვის. დაკავებულია ქვეყანაში არსებული ხელოვნური სუნთქვის აპარატების თითქმის ნახევარი. მძიმე ეპიდ-სურათის ფონზე ექიმები განსაკუთრებულ აქცენტს ახლა 12 წლის ასაკიდან ბავშვების და ორსულების ვაქცინაციაზე აკეთებენ. მთავარი რეკომენდაციაა პირბადის ტარებაც, რომლითაც ბოლო მონაცემებით მოსახლეობის მხოლოდ მესამედი სარგებლობს.