მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება

საქართველოს კორონა-გენოციდის საფრთხე ემუქრება – ასეთ მძიმე პროგნოზს აკეთებენ ექიმები.

დღეს ინფიცირებულთა მაჩვენებელი 6 000-ს ასცდა. პირველად ასეთი მონაცემები მეოთხე ტალღის პიკის დროს, ანუ აგვისტოში დაფიქსირდა. ვირუსმა იმსხვერპლა კიდევ 49 ადამიანი. ინფიცირების დადებითობის ყველა ინდიკატორი მკვეთრად გაზრდილია. საავადმყოფოებში მიმართვის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კლინიკებში 6 500-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს. ძირითადი დატვირთვა იმ რეგიონებზეა, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

ამ მძიმე ეპიდ-სურათის ფონზე ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ 17 000 დოზას ვადა გაუვიდა, დიდი ალბათობით იგივე ბედი ელის ასობით ათას „ფაიზერსაც“. დაავადებათა კონტროლის ცენტრი და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ე.წ. მწვანე ბარათის სისტემის სასწრაფოდ ამოქმედებას ითხოვს. ამ საკითხზე გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა ხვალ მიიღოს.