აცრის მსურველთა დაბალი რაოდენობის და კოვიდ-რეგულაციების შეუსრულებლობის ფონზე, ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ მოსახლეობამ კორონავირუსთან საბრძოლველად საკმაოდ მძიმე გზა, კოლექტიური იმუნიტეტის შექმნა აირჩია. ეს იმას ნიშნავს, რომ „კოვიდ-19“ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა უნდა გადაიტანოს. თუ მოქალაქეები ამ გზაზე უარს არ იტყვიან, სპეციალისტები საკმაოდ მძიმე პროგნოზებს აკეთებენ. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ბუნებრივი იმუნიტეტის მიღწევა საქართველოს კიდევ 10 ათასამდე ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდება. ლეტალობის ყოველდღიური მაჩვენებელი კი ისედაც მაღალია – ბოლო 24 საათში კოვიდს კიდევ 62 ადამიანი ემსხვერპლა. სულ უფრო მეტი ინფიცირებული ხვდება რეანიმაციულ განყოფილებაშიც. ამ ფონზე ერთადერთ უმტკივნეულო გამოსავლად სპეციალისტები ისევ ვაქცინაციას და რეკომენდაციების შესრულებას ასახელებენ.