კოვიდ-ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი შედარებით შემცირდა, თუმცა მორიგი ტალღის დასაწყისისთვის მონაცემები მაინც საკმაოდ მაღალია. ინფიცირებულებს კიდევ 5 219 ადამიანი დაემატა. ვაქცინაციის დაბალი ტემპის და პირბადეების ტარების საგანგაშო მაჩვენებლის ფონზე ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მკაცრი გადაწყვეტილებების და ზომების მიღებას აანონსებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრს მძიმე სურათის თავიდან ასაცილებლად და ინფექციის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად საკოორდინაციო საბჭოში რამდენიმე ინიციატივა უკვე გაგზავნილი აქვს. თავის მხრივ დაწესებული რეგულაციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო. მაღალი რისკის ზონებია კახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი, სადაც აცრის დაბალი მაჩვენებლებია. ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესება არ ფიქსირდება თბილისსა და ბათუმში, სადაც მოზრდილი მოსახლეობის თითქმის 60%-ია აცრილი.