უკრაინის 10 მოქალაქის სიცოცხლე ისევ საფრთხეშია. ქალაქ ლუცკში გატაცებული ავტობუსის და მისი მგზავრების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უკვე მე-10 საათია, სამართალდამცავები მოლაპარაკებებს აწარმოებენ 44 წლის გამტაცებელთან, რომელიც სავარაუდოდ ფსიქიკურად დაავადებულია. ტერორისტი შეიარაღებულია, პერიოდულად უმისამართოდ ისვრის და ავტობუსის აფეთქებით იმუქრება. ლუცკში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა – მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ, რადგან გამტაცებლის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის მიხედვით, მას ქალაქის ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი დანაღმული აქვს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ლუცკში განვითარებულ მოვლენებს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა. ვითარებას ადგილზე პირადად აკონტროლებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი. მძევლების გათავისუფლების პროცესში ჩართულია ნაციონალური გვარდიის ასამდე წარმომადგენელი და სპეცტექნიკა. გამტაცებელთან ერთად შესაბამის სამსახურებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ მისი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან.