ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მდინარის 3 700-მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიკური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა.
მდინარე კაპარჭასა და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ განხორციელებულა. ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მომრავლდა ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა.