MDF-ის კვლევის პრეზენტაცია

„მედიის განვითარების ფონდმა“ 5 ივლისის მოვლენებზე კვლევა წარადგინა. დოკუმენტი სახელწოდებით „ძალადობრივი ჯგუფების ანატომია“ ორი ნაწილისგან შედგება და აღნიშნულია, რომ აქციაში მონაწილე პირები უკავშირდებიან „ჯვაროსნულ მოძრაობას“, რომლებიც ასევე გენდერული იდენტობის დაცვის მიზნით, ჩართული იყვნენ ადამიანების ფიზიკურ წვრთნებშიც, კავშირი ასევე გამოიკვეთა საპატრიარქოს „ჩოხოსანთა საზოგადოებას“, „ქართულ მარშსა“, „კონსერვატიულ მოძრაობასა“ და „ალტინფოს“ შორის.

5 ივლისის აქციის მონაწილეები ასევე მონაწილეობდნენ „ნამახვანჰესისა“ და ანტივაქსერულ შეკრებებში. თამარ კინწურაშვილის თქმით, აქციის ორგანიზატორების მიზანი 5 ივლისის აქციის შემდეგ, მათი იდეოლოგიის უკვე პარტიად ფორმირება იყო, რაც ლიბერალური ხედვების შეზღუდვასა და კონსერვატიული იდეოლოგიის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. მისივე თქმით, ქმედებები უკრაინის ომთან მიმართებით რუსული პროპაგანდისტური ნარატივის მატარებელია.