კანადაში ხანძრის 426 კერას ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ტყის ხანძრების უმეტესობა კვებეკის პროვინციაშია. ცეცხლის კერების ლიკვიდაციაში ჩართულია 1 200-ზე მეტი მეხანძრე, მათ შორის 100 ფრანგია. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ შემდეგი რამდენიმე დღე კრიტიკული იქნება. მეტეოროლოგები კანადის ნაწილში წვიმას ელოდებიან, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ხანძრის ყველა კერის ჩასაქრობად ეს საკმარისი არ იქნება. ხანძრების გამო კვებეკის ჩრდილოეთიდან უკვე ევაკუირებულია 13 000 ადამიანი. მოქალაქეთა ნაწილი ჯერ ისევ რისკის ზონაში რჩება. კანადაში ტყის ხანძრები ყოველ წელს მძვინვარებს, თუმცა წელს მასშტაბები უპრეცედენტოდ დიდია. ცეცხლი თითქმის 4-ნახევარ მილიონ ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლი გავრცელდა აშშ-ის ქალაქებში, რის გამოც, ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია.