პარლამენტი სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღაზე იწყებს მუშაობას.
რეფორმის ამ ეტაპზე დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, ასევე მოსამართლეების დისციპლინარული პასუხისმგებლობის განსაზღვრა. უკვე მზად არის კანონპროექტი, რომელიც გადაცდომის შემთხვევაში მოსამართლისთვის დასაწესებელ რეგულაციებს გულისხმობს, გაწერილია ის საფუძვლებიც, რომლებიც გადაცდომებად ჩაითვლება. თუმცა ხელისუფლების სამი შტოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა. პრეტენზიები ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს აქვთ, რომლებიც პირველ რიგში სასამართლო სისტემის კლანური მმართველობისგან გათავისუფლებას მოითხოვენ.