ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი, მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანანა დოიჯაშვილი 2000-2012 წლებში სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი იყო. 2001-2007 წლებში მისი თაოსნობით მოხდა კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია-რეორგანიზება, შექმნა კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; 2002 წელს საფუძველი ჩაუყარა „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს“ და „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრს“. 2005 წელს, მისი თაოსნობით კონსერვატორია გახდა ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის წევრი. 2009-2010 წლებში იყო საქართველოში უწყვეტი სამუსიკო განათლების რეფორმის ინიციატორი; 1999 წელს მანანა დოიჯაშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2005 წელს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები. 2003 წელს კი მანანა დოიჯაშვილმა მიიღო ქართველი მუსიკოსებისათვის უმაღლესი ჯილდო – ზ.ფალიაშვილის სახელობის პრემია.