„არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ თიბისის“ – ასე ეხმაურება მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მას და მის მოადგილეს უფელბამოსელება შეუჩერდათ.
ხაზარაძე გადაწყვეტილებას ნაჩქარევს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მათი რეპუტაციის შელახვას ემსახურება. „თიბისის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი განმარტავს, რომ მათ უკვე ჰყავდათ მოწვეული მსოფლიოში ცნობილი იურიდიული ფირმა დენტოსი, რომელმაც კომპანიაში ფულის გათეთრების ან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები ვერ აღმოაჩინა. ხაზარაძე უფლებამოსილების დათმობას არ აპირებს და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, „თიბისი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.
ამასთანავე, აქციონერთა კრებას მოთხოვა, რომ ორი თვის განმავლობაში, აღნიშნული ბანკირები საბჭოდან გაიწვიოს. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, 2007-2008 წლის ტრანზაქციებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება 194 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებას გულისხმობს.